ბათუმში, ხოფას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სცემეს. როგორც პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი, მიხეილ ქავთარაძე ჰყვება, ისინი ქუჩაში 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაერებს არიგებდნენ, როდესაც უცხო პირები მიუახლოვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"სულ ოთხნი ვიყავით, მე ლელოდან, ასევე ალეკო ელისაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები. ვარიგებდით ფლაერებს, მოსაწვევებს ხვალინდელ აქციაზე. ამ დროს ორი უცხო ადამიანი მოვიდა და როდესაც ეს გაიგო, სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაგვიწყეს. რამდენიმე წუთში უკნიდან, კიდევ სხვებმა ხელის დარტყმა დაგვიწყეს და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. დაახლოებით ათნი იყვნენ. პოლიცია დაგვიანებით მოვიდა",-ამბობს მიხეილ ქავთარაძე.
მიხეილ ქავთარაძის გარდა დაზარალებულები არიან გენრი დოლიძე, იზა სურმანიძე და გიორგი გაბაიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში გვითხრეს, რომ დაწყებულია გამოკითხვები.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და 8 ნოემბერს "გრანდიოზულ" საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.
როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893.
პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400;
ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19;
ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850;
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.
მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.